Thursday, 5 August 2010

რა სარგებლობა მოაქვს ტურიზმის დეპარტამენტს?

გიორგი უძილაური



სურამს წელს სეზონი ჩაუვარდა, დამსვენებლები არ ჩავიდნენ. ერთმა სურამელმა ექიმმა(რომელსაც სასტუმრო აქვს ბორჯომში) გაავრცელა ინფორმაცია სურამში რადიაციული ფონის მომატების შესახებ, მედიამ ეს გაახმაურა და შედეგიც შესაბამისი იყო. მოგვიანებით გაირკვა, რომ ადგილიქონდა დეზინფორმაციას, რაც ოფიციალურადაც დადასტურდა, მაგრამ პირველმა ინფორმაციამ უფრო მეტი რეზონანსი გამოიწვია და სეზონიც ჩავარდა. დაახლოებით იგივე ვითარება იყო ზამთარშიც, როცა ცხადდებოდა, რომ გუდაურის გზა დაკეტილი იყო და ხალხი ბაკურიანში მიდიოდა, მოგვიანებით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გზის ჩაკეტვა არ ყოფილა მაგრამ იქაც გვიანი იყო, სეზონი ჩავარდა. უფრო ადრე კი მუდმივად გაიგონებდით ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციებს ზღვისპირეთიდან _ ბათუმი დაბინძურებულია, ქობულეთში ჯობია, ქობულეთში არ ვარგა ურეკი ჯობია, ურეკში რადიაციაა ბათუმი ჯობია და ა.შ.
ვითომ ჩვეულებრივი კონკურენციული ომია, მაგრამ როცა საქმე ეხება მოქალაქეთა უფლებებსა და ტურიზმის (ტურიზმის და კურორტების)დეპარტამენტის კომპეტენციას, მხოლოდ კონკურენციით გამართლება არ გამოდის.

ვინ არიან ტურისტები?

სულ ახლახანს დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი დაუნიშნეს. წინა სააკაშვილმა გააგდო მხოლოდ იმიტომ რომ მან არ იცოდა საქართველოში შემოსულ ტურისტთა ზუსტი რაოდენობა, განსხვავებით ვარშალომიძისგან, რომელმაც პრეზიდენტის შექება დაიმსახურა ციფრის და თან დიდი ციფრის დასახელებისთვის. რათქმაუნდა კარგია, როცა ბევრი ტურისტი გყავს და ისიც კარგია, როცა ტურიზმის დეპარტამენტს აქვს სტატისტიკა, მაგრამ ცუდია, როცა არც ბევრი რეალური ტურისტი გყავს და ამავდროულად მოსახლეობასაც აბოლებ მილიონებით.
სანამ ქართული ტურისტული ინდუსტრის მიმოხილვას დავიწყებდეთ, უნდა აიხსნას ტურისტის მნიშვნელობა. ტურისტად ითვლება ადამიანი, რომელიც კონკრეტული სახელმწიფოს ტერიტორიაზე დაჰყოფს 24 ან მეტ საათს. ასეთ ადამიანთა შორის კი ხვდება არა მარტო ისრაელიდან ან კანადიდან ჩამოსული დამსვენებელი, არამედ აზერბაიჯანიდან ტაფების შემომტანი ვაჭარი, რომელიც ლილოს ბაზრობაზე ერთ ღამეს გაათენებს, სომხეთოდან მანქანის საყიდლად ჩამოსული სტუმარი, რომელიც ავლაბრელ ძმაკაცთან სუფრაზე დარჩა და მეორე დღეს ისე დაბრუნდება ერევანში, საქართველოში კოკა კოლასაც არ იყიდის, ამავე ნუსხაში არიან თურქი გადამზიდავები, რომლებიც ღამეს საკუთარ მანქანაში ან უკეთეს შემთხვევაში მაგისტრალზე არსებულ თურქულ სასტუმროში ათენებენ და ა.შ. ახლა დავთვალოთ ეს ვაჭრები და მძღოლები თვეში რამდენჯერ შემოდიან და გადიან საქართველოში და აღმოვაჩენთ, რომ ამ „ტურისტების“ რაოდენობა საერთო რაოდენობაში ნახევარს იკავებს, ხოლო იმ პერიოდში, როცა ზღვის სეზონი არაა, ლამის 90%-ს აღწევს. ეს კი ნიშნავს, რომ ოფიციალური ტურისტის სტატუსის მქონე პირთა უმრავლესობა არ სარგებლობს ტურისტული ინფრასტრუქტურით და შესაბამისად არ ტოვებს ფულს ამ დარგში. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ტურიზმის სტატისტიკა ცრუობს და ვითარება არ შეიცვლება მანამ, სანამ არ შეიცვლება რეალური, ანუ ტურისტულ ინფრასტრუქტურასტან შეხებაში მყოფი ტურისტების აღრიცხვა.


როგორ ჩამოდიან ტურისტები

პირველი ეტაპი

საშუალოსტატისტიკური ტურისტის საქართველოში ჩამოსვლას განაპირობებს ინფორმაცია, რომელსაც ის იღებს ან მედიიდან, ან ინტერნეტიდან, ან ტურისტული სააგენტოებიდან ან ახლობლებისგან. სტატისტიკა იმის შესახებ თუ რომელი ტურისტი როგორ მოხვდა საქართველოში არ არსებობს, თუმცა არსებობს რამდენიმე კვლევა, რომელთა თანახმად ჩამომსვლელების უდიდესი ნაწილი ჩამოდის ნაცნობების მონაყოლის შემდეგ, ჩამოდიან(ძირითადად ისრაელიდან) ტურფირმების დახმარებით და ჩამოდიან თავგადასავლების მოყვარულები, უფრო მეტად კი მთაში ხეტიალის, ძრომიალის, დასვენების და ეგზოტიკის მოყვარულები. რაც შეეხება მედიას და ინტერნეტს, აქ სერიოზული პრობლემებია, რადგან დღემდე არ არის ნორმალური ინტერნეტ პორტალები, რომლებიც სრულ და ამომწურავ ინფორმაციას მიაწოდებენ უცხოელებს.
ხელისუფლების მიერ შექმნილი საიტები ლამაზია, მაგრამ მეჩხერი, არასრული, მწირი და ხშირ შემთხვევაში არაქმედითი. შესაბამისად, ტურისტების მოსაზიდად პირველივე საფეხურზე საქართველოს სერიოზული პრობლემები აქვს.

მეორე ეტაპი

გადავიდეთ უკვე იმ სეგმენტზე, რომელმაც გადაწყვიტა ჩამოსვლა და მიადგა ავიასალაროს. ამ, მეორე ეტაპზეც არანაკლები უსიამოვნებაა. საქართველოში და საქართველოდან ფრენების ტარიფები ვერავითარ კონკურენციას ვერ უწევს ვერც ევროპულს და ვერც თურქულს. თუ ჰოლანდიელს შეუძლია აიღოს საგზური და 400 ევროდ 2 კვირა დაისვენოს თურქეთში ან ეგვიპტეში 4 ვარსკვლავიანი სასტუმროს და ორმხრივი ფრენის ჩათვლით, საქართველოში ჩამოსაფრენად მას 400 ევრო მხოლოდ ფრენაზე დაეხარჯება ისიც თუ გაუმართლა. რა პრინციპით განვითარდება საქართველოში ტურიზმი, თუ ტურისტებს ამხელა ფული ექნებათ გასადახდელი მხოლოდ ფრენაში, გაუგებარია. სამწუხაროდ, საავიაციო მაფიას „ვარდების რევოლუცია“ არათუ მოერია, დაეხმარა კიდეც გაფართოებაში და ამიტომაც, არა მხოლოდ ტურისტები, არამედ უბრალო მოქალაქეებიც იძულებულნი არიან იფრინონ მხოლოდ შუაღამის რეისებით და ამასთანავე იხადონ საგრძნობლად დიდი ფული. მოკლედ, ამ მეორე ეტაპზეც ბევრი პოტენციური ტურისტი გადაიფიქრებს ქართული ეგზოტიკის ნახვას და არჩევს მაროკოს, ტუნისის, ეგვიპტის ან თურქეთის ეგზოტიკას. გავიაროთ ეს ეტაპიც და გადავიდეთ იმ კატეგორიაზე, რომელმაც გაიგო საქართველოს შესახებ, არც ავიაბილეთის სიძვირეს დაუფრთხა და ჩამოაღწია თბილისის აეროპორტამდე.

მესამე ეტაპი

საბედიეროდ თბილისის აეროპორტი გავს აეროპორტს და ბოლო დროს აღარც „კაბრიოლეტად“ იხსენიებენ. რუსეთის მოქალაქეების გარდა ძირითადად ყველა ჩამომსვლელი სწრაფად იღებს ვიზას და გადის სასაზღვრო და საბჟო კონტროლს, გამოდის აეროპორტის გამოსასვლელში და ეძებს რომელიმე საინფორმაციო მაგიდას, ავტოგაქირავების ბიუროს, ტურისტული ფირმის წარმომადგენლობას ან რაიმე ბუკლეტს მაინც, მაგრამ ამაოდ, ამიტომ იძულებულია გარეთ გავიდეს და დაბნეულმა მიმოიხედოს. სადღაც 100-ოდე მტრში აშენებულია თბილისში მიმავალი მატარებლის სადგური, მაგრამ იმის გამო რომ ვერავინ მიხვდება იქ რა არის აშენებული, არც სადგურით და შესაბამისად არც მატარებლით არავინ სარგებლობს, ეს ტურისტიც, ხედავს რა რომ სადგურისკენ კაციშვილი არ დაძრულა, ხოლო აეროპორტთან არავითარი ავტობუსის ჭაჭანება არაა იძულებულია ჩაჯდეს ტაქსში და ცენტრამდე გადაიხადოს 30-50 ევრო. როგორც წესი ტურისტული დეპარტამენტის მოვალეობას ითავსებენ ტაქსისტები, რომლებსაც ტურისტი მიჰყავთ იმ სასტუმროში, რომლისგანაც კლიენტისთვის წილს მიიღებენ... აქ ცოტა შევეშვათ გზაში მყოფ ტურისტს და წარმოვიდგინოთ იმ ტურისტის მდგომარეობა, რომელმაც სახლიდანვე იწვალა და იპოვა რაღაც სასტუმრო ინტერნეტში. როგორც წესი ამ შემთხვევაში ტურისტი იყენებს ქალაქის რუკას და ჯი-პი-ეს ნავიგაციით მონიშნავს ხოლმე საჭირო ადგილებს, თბილისის და მთელი საქართველოს შემთხვევაში ეს სერიოზული პრობლემაა იმ მარტივი მიზეზით, რომ გუგლის რუკებში საქართველოს რუკები არ დევს, შესაბამისად შეუძლებელია ნავიგაციაც. თუმცა არა, შესაძლებელია, ოღონდ მსურველი უნდა წავიდეს სანაპიროზე, იპოვოს ერთი ფირმა, რომელსაც „უგულავას რუკებს“ უწოდებენ და სულ რაღაც 200 -ოდე ლარად იყიდოს ის ჯი-პი-ეს რუკები, რომლებიც ნორმალურ სახელმწიფოებში უფასოა. შესაბამისად, როცა არ იცი სად მიდიხარ, მრიცხველიან ტაქსისტს შეუძლია აეროპორტიდან გაგიყვანოს გლდანში და იქედან მიგაბრძანოს ავლაბრის რომელიმე სასტუმროში.

სასტუმროები

გადავიდეთ სასტუმროებზე, რომელთა რაოდენობა თბილისში იმდენადვე დიდია, რამდენადაც ამ სასტუმროთა ტარიფები. თბილისში არის კარგი სასტუმროები, მაგრამ ყველა ტურისტი ვერ გადაიხდის 200-300 დოლარს ნომერში. ტურისტების უმრავლესობა კი როგორც წესი საშუალო კლასია, ბევრი მათგანი დამოუკიდებლად ცდილობს მოგზაურობას და დამოუკიდებლად ეძებს სასტუმროებსაც. თუ მაგალითად ანტალიაში 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო ღირს 25-დან 70 დოლარამდე, თბილისში ღირს 70-დან 300 დოლარამდე, ამიტომაც საშუალო სტატისტიკურ უცხოელ ტურისტს ურჩევნია იპოვოს სასტუმრო სახლი, რომელშიც გადაიხდის 30-50 დოლარს. უფრო ეკონომიურებს, მაგალითად სტუდენტებსა და ახალგაზრდებს ნაკლებად უმართლებთ, რადგან საქართველოში დღემდე არ არსებობს ჰოსტელების ქსელი. რათქმაუნდა იყვნენ ამგვარი ქსელის შექმნის მსურველები(ჩემი ჩათვლით) მაგრამ იმის, გამო რომ საქართველო ბოლომდე ვერ პასუხობს უსაფრთოებისა და ინფრასტრუქტურის პირობებს, ჰოსტელების საერთაშორისო გაერთიანებები თავს იკავებენ საქართველოში დამკვიდრებისგან, კერძო და დამოუკიდებელი ჰოსტელები კი ჯერ არ არსებობს. ვინც არ იცის რა არის ჰოსტელი, მარტივად ავხსნი _ ეს არის ახალგაზრდული საერთო საცხოვრებელი, რომელშიც ერთი ღამის ტარიფი ვარირებს 10-დან 30 დოლარამდე. მოკლედ არ არის ჰოსტელები და ახალგაზრდებიც იძულებულნი არიან იქირავონ ბინა. ამ საქმეში კი მათ რჩევა სჭირდებათ. თბილისში ტურისტების საინფომაციო ცენტრებიდან მხოლოდ ერთის მოძებნა შეიძლება, თავისუფლების მოედანზე, საკრებულოს შენობის პირველ სართულზე.



ტრანსპორტი

უცნაურია, მაგრამ ინგლისურენოვანი წარწერების ზღვარგადასულ სიხშირეში თბილისის და სრულიად საქართველოს ტრანსპორტი მხოლოდ ქართულენოვანია, რაც სერიოზულ პრობლემებს უქმნის ტურისტებს. საქმეს ნაწილობრივ უშველიდა თბილისის სატრანსპორტო ქსელების რუკები, მაგრამ ტურიზმის დეპარტამენტში ამაზე ჯერ არ უფიქრიათ.
როგორც წესი, ტურისტი თბილისის დათვალიერებას 1-2 დღე ანდომებს და მერე მიდის რეგიონებში. და აქ იწყება კიდეც მორიგი პრობლემა.
საქართველოს საქალაქთაშორისო და საერთაშორისო ტრანსპორტის სისტემა არ გააჩნია, ისევე როგორც არ ყავს ამ საკითხზე მზრუნველი სამსახური მთავრობაში და შესაბამისად არ არსებობს არანაირი შანსი ტურისტისთვის ნორმალურად გაარკვიოს და დაგეგმოს თავისი მარშრუტი. თბილისში მოქმედებს 4 ველური, კეთილმოუწყობელი და ქაოტური ე.წ. ავტოსადგური. დასავლეთს ემსახურება ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორია და დიდუბის ავტოსადგური, იგივე „ოკრიბა“. აღმოსავლეთით წამსვლელებმა კი უნდა მოძებნონ ან სამგორის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული გაჩერება, ან ორთაჭალის სადგური. ნორმალურ ქვეყნებში, მათ შორის თურქეთშიც საქალაქთაშორისო და საერთაშორისო ტრანსპორტი დაყოფილია კერძო ან სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფ კომპანიებად, რომლებსაც გააჩნიათ საკუთარი ტრანსპორტი( შესაბამისი შეფერილობით, ნომრით და წარწერით) გააჩნიათ საკუთარი მარშრუტები და მკაცრად განსაზღვრული განრიგი, რომლის ნახვა შესაძლებელია არა მარტო სადგურზე ან საინფორმაციო კუთხეებში, არამედ ინტერნეტშიც. საქართველოში კი თუ სადმე გინდა წასვლა, ვერც ინტერნეტს იყენებ, ვერც ტელეფონს, ვერც დაჯავშვნას ვერც განრიგს. უნდა მიხვიდე უშუალოდ სადგურზე, შენით მოძებნო საჭირო მიმართულების ტრანსპორტი, ჩაჯდე და დაელოდო როდის შეივსება, ბილეთიც არ გჭირდება, იმიტომ რომ მძღოლს უშუალოდ უხდი. გზაზე მძღოლი თუ სადმე გადაუხვევს, ან ხალხის აკრეფაში გაერთობა, ან სასადილოში „ერთ-ორ ჭიქას ჩაურტაყმს“, ვერაფერს ვერ იტყვი, კომფორტი თუ არ მოგეწონა პრეტენზიას ვერავის ვერ წაუყენებ და ა.შ. მოკლედ სრული ქაოსი, რომელიც პრინციპში შესაძლოა საინტერესო იყოს მარგინალი ქვეყნებით დაინტერესებული ექსტრემალი ტურისტისთვის, მაგრამ არანაირად ტურიზმის განვითარებისთვის. მოკლედ, გადავხედოთ რეგიონებს.
ტურისტების უდიდეს უმრავლესობას საქართველოში აინტერესებს მთა, კულტურა და ტრადიციები, შესაბამისად პირველ მარშრუტად ავიღოთ მცხეთა-მთიანეთი


მცხეთა-მთიანეთი

მცხეთაში, სვეტიცხოვლის შესასვლელთან არის ტურისტების საინფორმაციო ცენტრი. შესვლისას ფრთხილად იყავით, ფიცრები ჩავადნილია და შეიძლება ან კისერი მოიტეხოთ ან ის ხუხულა დაანგრიოთ რომელსაც ცენტრი ქვია. ცენტრში მოგცემენ ბუკლეტებს, რომელთა ნაწილი გამოგადგებათ კიდეც, მაგრამ ძირითადად ინფორმაცია საკმარისი არაა. არ არსებობენ ადგილობრივი გიდები და თუ ტურფირმა არ დაიქირავეთ, უცხოელი ტურისტი ვერაფერს გაიგებს. სვეტიცხოველში ყოფნისას ტურისტს თუ საპირფარეშოში მოუნდა, იქვე მეზობელ ქუჩაზე უნდა გადავიდეს, ეზოს კართან ქართულად დაწერილი „ტუალეტი“ გაშიფროს, 30 თეთრი გადაუხადოს „ხაზეიკას“ და შევიდეს... ზოგი ამბობს, რომ უცხოელი ტურისტებისთვის უუნიტაზო საპირფარეშო ეგზოტიკაა, მაგრამ როგორც წესი, ევროპაში უნიტაზებს იყენებენ და არა ამოჭრილ ფიცრებს. ისე, ეს საყურადღებო უნდა იყოს არა მარტო ტურიზმის დეპარტამენტისთვის, არამედ საქართველოში მოქმედი რესტორნების და სასტუმროების მფლობელთათვისაც. 21-ე საუკუნეში სასურველია სამსართულიანი რესტორნის მეპატრონემ ფული არ „მოჟმოტოს“ რამდენიმე უნიტაზზე.
ელემენტარული ჰიგიენის პრობლემაა ჯვრის მონასტერთანაც, რომელსაც, პატრიოტულ ვალდებულებად ვთვლით რომ ვაჩვენოთ ყველა უცხოელს, უნდა თუ არა მას ეს. ჯვრის მონასტერთან არის მხოლოდ მისასვლელი გზა, რაღას სარემონტო ორმო, დაუსრულებელი და გაურკვეველი ნაგებობის კედელი და მეტი არაფერი. თუ ახვედი, უნდა მოითმინო და შემდეგ გაჩერებაზე მოისაქმო. შემდეგი გაჩერება კი როგორც წესი ანანურია, სადაც ასევე არაფერი არ მიანიშნებს იმაზე, რომ ტურისტი ტურისტულ ობიექტს მიადგა. თუ ანანურთან ერთად ტურისტს თავისით უნდა ნახოს ფასანაური, გუდაური და ყაზბეგი, ან ტაქსი უნდა დაიქირავოს, ან ყოველ ჯერზე მარშრუტკები უნდა გააჩეროს, ან თავიდანვე ტურფირმის მოსმსახურებით ისარგებლოს, რაც უნდა ითქვას დაახლოებით 100 დოლარი ღირს. ფასანაურში ასევე ვერ ნახავთ ევროპელი ტურისტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას თუ არ ჩავთვლით 2ოდე ბნელ სახინკლეს. გუდაური მეტნაკლებად უზრუნველყოფილია სხვადასხვა სასტუმროებით, მაგრამ იქ არ არის ღირსშესანიშნაობები. სამაგიეროდ, მათ ნახავთ ყაზბეგში, რომელშიც არის მხოლოდ 2 სასტუმრო და არცერთი სასადილო, რესტორანი და კაფე. ეს იმ დროს, როცა ტურისტების 70% გაბრწყინებული თვალებით მიდის ყაზბეგის სანახავად. წარმოიდგინეთ რა ხასიათზე დადგება გერგეტზე ასული და ჩამოსული ტურისტი, როცა აღმოაჩენს, რომ შია და აქვს მხოლოდ 2 პერსპექტივა, ან მოითმინოს ფასანაურამდე მაინც, ან გადავიდეს მეზობელ სოფელში და გზის პირას იპოვოს ერთი პატარა დუქანი. ტურისტული ინფორმაციის ცენტრზე და საზოგადოებრივ ტუალეტზე საუბარი აღარაა.
ამავე რეგიონს ეკუთვნის გუდამაყარი, ფშავი და ხევსურეთი. პირველი ორი საერთოდ იგნორირებულია ტურიზმის დეპარტამენტისგან, ხევსურეთში წასვლა კი დამოუკიდებლად თითქმის შეუძლებელია. აქაც საჭიროა ტურისტული ფირმა.


კახეთი

კახეთში არაჩვეულებრივ(მდიდრები, დელეგაციები, მაღალჩინოსნები) სუმრებს ელით რამდენიმე ქართველი მილიონერის ლამაზი სახლკარი თავისი მუსიკითა და მდიდრული სუფლებით, მაგრამ ამ შემთხვევაში ასეთ ტურისტებზე არ ვსაუბრობთ. ჩვეულებრივ ტურისტებს სთავაზობენ სიღნაღის მონახულებას. ადრე სიღნაღი იყო ქალაქი-სიმაგრე, დღეს სიღნაღი არის ქალაქი-ფუფალა. ვიღაცამ გადაწყვიტა სიღნაღი გადაექცია რაღაც საშუალოდ პოტიომკინის სოფელსა და ვესტერნების გადასაღებ ჰოლივუდურ მოედნს შორის და ეს წარმატებით გამოუვიდა. სიღნაღმა დაკარგა სიძველის ხიბლიც და ვერ შეიძინა ვერც სიახლე. მორთეს პატარძალივით, მაგრამ ქორწილი არ გადაუხადეს და დატოვეს ასე გაღიმებული. ამიტომ, ნურავის ნუ გაუკვირდება საქართველოში, თუ უცხოელი ტურისტები სიღნაღში მხოლოდ 1 საათით გაჩერდებიან. სხვათაშორის იგივე ბედი გაიზიარეს თბილისის და ქუთაისის ცენტრებმა. უცხოელ ტურისტებს აინტერესებს არა ახლადშეღებილი ფსევდოამერიკული სახლები არამედ ძველი თბილისის ან ძველი სიღნაღის კოლორიტი, რომელსაც დღეს ქართველები თავადვე სპობენ უხეში „მალიარობით“.
კახეთში ბევრი ადგილია სოფლის და ეთნოტურიზმისთვის, ზოგიერთი მათგანი მუშაობს, მაგრამ მათ უბრალო უცხოელი ტურისტი ვერ იპოვის ტურფირმის გარეშე, ხოლო თუ იპოვის ძალიან ბევრის გადახდა მოუწევს ქართულ სტუმართმოყვარეობაში.
საერთოდ ქართული ტურიზმის ფასები არარეალურად დიდია და სრულად არ შეესაბამება საქართველოს მსგავსი სიღარიბის ქვეყნის ფასებს. ამიტომაც ბევრი უცხოელი არ ჩქარობს საქართველოში ჩამოსვლას.

შიდა ქართლი და იმერეთი

შიდა ქართლში არის გორი, გორი 2 რამითაა საინტერესო ტურისტებისთვის. იქ დაიბადა სტალინი და იქაურობა დაბომბეს რუსმა ოკუპანტებმა. როცა გვეღირსება და გორის გზას გააკეთებენ, ახალ სასტუმროებს ააშენებენ და მუზუმის გარშემო ტურისტულ ინფრასტრუქტურას შექმნიან, ტურისტების რაოდენობა გაიზრდება, მაგრამ ჯერჯერობით გორი უფრო სამხედრო ბაზაა ვიდრე ტურისტული ობიექტი. არის ქსნის ციხეც და სურამის ციხეც, მაგრამ ინფრასტუქტურა იქაც ნულოვანია. მხოლოდ ნაზუქის ჟანგიანი ჯიხური კი ინფრასტუქტურაში ვერ გავა. ხელისუფლებამ ვითომ ჩაატარა ტენდერი, რომელშიც გაიმარჯვა ერთ-ერთმა ბენზინგასამართმა სადგურმა, რომელსაც თითქოს მაგისტრალის გასწვრიდ ტურისტული ობიექტები უნდა შეექმნა მაგრამ დღემდე ქართველიც და ტურისტიც იძულებულია რიკოთის უღელტეხილთან გამართულ კეთიკმოუწყობელ დუქნებში ისადილოს. თბილისიდან ბათუმამდე და თბილისიდან თელავამდე არ არის არცერთი სწრაფი კვების ობიექტი, რომელშიც უცხოელი ტურისტი შევა და ისადილებს არა ხარჩოთი და ხაჭაპურით არამედ ჩვეულებრივი ევროპული კერძებით ან თუნდაც მაკდონალდსის პროდუქციით. თბილისი-გორის მაგისტრალსაც კი ხშირად ვაქებთ, მაგრამ მაგისტრალსაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა სჭირდება _ ცხოველებისგან დამცველი ღობეები, ტაქსოფონები, დასასვენებელი ადგილები და ა.შ.
ზესტაფონს ტურისტულ ობიექტამდე ბევრი უკლია, სამაგიეროდ ქუთაისში შეიძლება სასტუმროს ან რესტორნის პოვნა მაგრამ არც ქუთაისის გზამკვლევი არსებობს და არც ტურისტული ინფრასტრუქტურა, მიუხედავად იმისა, რომ იქ არის ბაგრატის ტაძარიც და გელათის მონასტერიც. სამწუხაროდ იგნორირებულია რაჭა, რომელიც უდიდესი პოტენციალის მიუხედავად უპატრონოდ არის მიგდებული.

სამეგრელო და სვანეთი

ზუგდიდს აქვს ტურისტული პოტენციალი, მაგრამ ცალკე ადგილობრივი მაფიის და ცალკე სეპარატისტული აფხაზეთის დამსახურებით, ზუგდიდში ტურისტული ბუმი არ შეინიშნება, შესაბამისად არაა არც ტურისტული ინფრასტრუქტურა. სვანეთი ბევრად პპულარულია, მაგრამ ინფრასტრუქტურა არც იქ არის, ის გეგმები რომელიც სააკაშვილს აქვს გეგმებადვე დარჩება, თუ სვანეთში არ მოგვარდა წყლის, ბუნებრივი აირის და კანალიზაციის საკითხი. თუმცა ეს ელემენტარული პირობები თითქმის მთელ საქართველოშია.

ქვემო ქართლი და ჯავახეთი

ამ მიმართულებით ტურიზმი ფაქტიურად არ არსებობს, თუ არ ჩავთვლით ვარძიას, რომლამდე მისვლაც ჯიპის გარეშე რთულია და იქაც არ არსებობს არავითარი ტურისტული ინფრასტრუქტურა. ამავე რეგიონში შედის ბორჯომი და ბაკურიანი, რომლებიც მეტნაკლებად გვანან ტურისტულ ცენტრებს მაგრამ მხოლოდ ქართველებისთვის, უცხოელებს ამ მიმართულებით იგვივე დისკომფორტი ელით. ქვემო ქართლშიც და ჯავახეთშიც გაცილებით მეტია ტურისტული ობიექტების რაოდენობა, მაგრამ ჯერჯერობით საქართველოს ხელისუფლებას ტურიზმის განვითარება გაიგივებული აქვს ბათუმის კეთილმოწყობასთან


ბათუმი და აჭარა

საზღვაო ზოლი დღეს ყველაზე მეტად არის განვითარებული ტურიზმისთვის, თუმცა მორგებულია არა ევროპელებზე, ამერიკელებზე ან ებრაელებზე, არამედ ძირითადად მეზობლებზე, შავი ზღვის თურქებზე, სომხებზე და აზერბაიჯანლებზე. მოგებისადმი სწრაფვამ იმდენად გაათავხედა ქართველები, რომ ალაგ ალაგ ტრიალებს სომხური ფული, ზოგან მხოლოდ სომხური წარწერებია, მენიუ სომხურად ან რუსულადაა, ქართულად ან ინგლისურად კი ვერ იპოვი. ამგვარი პრობლემები ძირითადად ურეკსა და ქობულეთშია, ბათუმს კი მეტი ყურადღება ექცევა. ბულვარი გაზარდეს, სასტუმრო ჩადგეს, ვიღაც პალმების ჩამომტან შეიხს პატივი სცეს და ბათუმის ერთ ერთ ქუჩას მისი სახელი დაარქვეს. მოღალატე მედეას ძეგლი დაუდგეს, ილიას ძეგლი მოაშორეს, აეროპორტი ააშენეს და ა.შ. მოკლედ ცუდად თუ კარგად, ბათუმს ეტყობა, რომ ხელისუფლება აქ ტურიზმზე ზრუნავს, მაგრამ საკითხავია _ მოახერხებს კი ბათუმი კონკურენცია გაუწიოს თურქეთსა და ეგვიპტეს? თუ გავითვალისწინებთ ტურისტულ ინფრასტრუქტურას საერთოდ, ჩვენ ჯერ შორს ვართ. თუ შევადარებთ ფასებს, აღმოვაჩენთ, რომ დასვენება იქ უფრო იაფია ჯდება ვიდრე ბათუმსა და ქობულეთში, სადაც მინიმალურად კეთილმოწყობილი სასტუმროს ფასი 40 დოლარიდან იწყება და იმდენივე ჯდება საღამოს კაფეში დაჯდომა. ქართული ბუნგალო არის ზღვის პირას წნულით შემოღობილი ხრეში სადაც უკრავენ მინიმალს და ერთ ცივ საზამთროში გთოვენ 60 ლარს. რატომ უნდა მოიხიბლოს უცოელი ფასის და კომფორტის ასეთი თავსებადობით? უხეშად რომ ვთქვათ ზღვაზე ქართველს სჭირდება დაახლოებით 800 დოლარი ათ დღეზე. მაშინ როცა ამ დღეებში ეგვიპტის 5 ვარსკვლავიან სასტუმროში 12 დღიანი დასვენება ავიაბილეთების ჩათვლით 680 დოლარი ჯდება. გამოდის რომ ფასებითაც ვერ ვწევთ კონკურენციას. და ეს ეხება მხოლოდ ქართველ დამსვენებლებს, ახლა დავთავალოთ რამდენად ძვირი დაუჯდება შვედს ან გერმანელს ბათუმში ჩამოფრენა, დასვენება და კვება და რისთვის, მხოლოდ ზღვისთვის? რამდენადაც საწყენედ არ უნდა ჟღერდეს ხმელთაშუა, ეგეოსის და ადრიატიკის ზღვები სისუფთავითაც და კომფორტითაც ბევრად ჯობია შავ ზღვას.

აბა რა ვქნათ

აბა რაში გავუწევთ კონკურენციას სხვებს? წესით, მთით, ბუნების და კულტურის მრავალფეროვნებით. მთის ტურიზმი საქართველოში ფაქტიურად არაა განვითარებული. რაღაც იწყება ვითომ სვანეთში, მაგრამ სანამ იქაც და სხვა ტურისტულ ონებშიც არ იქნება გზა, კომუნიკაცია და კანალიზაცია, მანამ მივიღებთ ცარიელ ბუტაფორიებსა და ფუფალებს. არიან ტურფირმები, რომლებსაც აქვთ ჰაიკინგ და ტრექინგ მარშრუტები, პოპულარულია ჯომარდობაც მაგრამ სამაგიეროდ მოუგვარებელია ადგილობრივი ინფრასტრუქტურა, არაა კეთილმოწყობილი სასტუმროები და ნორმალური კვების ობიექტები. ბოლო ბოლო არაა ნორმალური გზები, მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალი კი ტურიზმის განვითარებისთვის არ კმარა. მაგალითად ტურისტი, რომელიც წავიდა კახეთში და მოინახულა თუშეთი, აპორებს ყაზბეგის მონახულებას. ის უნდა ჩავიდეს ახმეტაში, დაჯდეს „მარშრუტკაში“ მოიაროს მთელი კახეთი, ჩავიდეს თბილისში, იქ გადავიდეს მეორე სადგურზე და იქედან გაემგზავროს ყაზბეგში, მაშინ როცა შესაძლებელია ამ გზის 3ჯერ შემცირება თუ გაკეთდება ახმეტა-თიანეთი-ჟინვალის მცირე საავტომობილო მონაკვეთი. შემცირდება არა მხოლოდ დრო, არამედ ტურისტული მარშრუტის ღირებულებაც. საქართველოს მთავრობა კი მილიონებს ხარჯავს მედეას და პოსეიდონის ძეგლში. ეს კი იმის მაჩვენებელია, რომ ხელისუფლება უსისტემოდ და არათანმიმდევრულად ავითარებს, უფრო სწორად კი ამახინჯებს ტურიზმის დარგს. ბათუმის ბულვარიც კარგია და თბილისის ცენტრის განვითარებაც, მაგრამ ევროპელი ტურისტების მოსაზიდად საქართველომ სულ სხვა პრიორიტეტები უნდა დასახოს და აქცენტი გააკეთოს ისეთ მიმართულებებზე, რომლებიც კონკურენტუნარიანი იქნება ყველა კრიტერიუმით, სხვაგვარად საქართველოს ტურიზმი დაჩება სომხეთის აზერბაიჯანის და თურქეთის მომსახურე ზონად. ხელისუფლება იტყვის, ლიბერალური ეკონომიკის პირობებში, რეგიონები და დარგები თავისით განვითარდება, როცა გაჩნდება ინტერესიო, მაგრამ როგორ განვითარდება მაგალითად ეთნოტურიზმი თუ ვერავინ ვერ ჩავა ხევსურეთში და ვერ ნახავს იქაურ ადათ-წესებს, ვერ დაესწრება ხატობებს, ვერ ავა სვანეთში კვირიკეს სალოცავში, ვერ გაივლის უშგულიდან ცაგერში მიმავალ გზას, ვერ მიაღწევს ფარავნის ტბას და ა.შ. გზები ხომ არაა ჯერ ბაზრით რეგულირებადი? ხოლო თუ ხელისუფლებას სურს ტურიზმი აქციოს პრიორიტეტად, ესეიგი ამის რეგულირებაც საჭიროა. სახელმწიფო რეგულირების გარეშე კი ტურიზმი სწორად ვერ განვითარდება. ტურისტებად კვლავ ჩაითვლებიან შოფრები და კიტრი გამყიდველები, უცხოელები კვლავ დაელმდებიან უსისტემო საზოგადოებრივი ტრანსპორტისგან, საზამთრო ისევ 60 ლარი ეღირება, სასტუმროს ტუალეტში კვლავ ჩაიცუცქება შვედი, სურამელ ექიმს კვლავ შეეძლება სეზონი ჩაუგდოს სურამს, ფშავ-ხევსურეთი კვლავ სიღატაკეში იცხოვრებს და პოტენციურ უცხოელ სტუმარსაც ისევ ექნება ათასი მიზეზი საქართველოში არჩამოსასვლელად.




Free Hit Counter
Free Web Counters

ქართველი ლიბერტარიანელები VS ევროკავშირი


გიორგი უძილაური

„ევროკავშირში გაწევრიანება უდრის ბილეთს ტიტანიკზე“ . არა, ნუ გაცხარდებით, ეს ფრაზა არ ეკუთვნის არც იდიოტს, არც კრემლზე მიყიდულ რუსოფილ ოპოზიციონერს, არც პუტინს. მისი ავტორი საქართველოში ცნობილია როგორც ლიბერალიზმის, მედასავლეთეობისა და ევროპული ღირებულებების დამცველი უკვე ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში.თითქმის იმდენივე წელი, ეს ადამიანი გვერში ედგა პოლიტიკოსს, რომელმაც ევროსაბჭოში განაცხადა ისტორიული ფრაზა _ „მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარ ევროპელი“. ამ აზრის დამკვიდრებაზე ის მუშაობდა როგორც შევარდნაძის, ასევე სააკაშვილის ხელისუფლებაში, თანამოაზრეებთან ერთად იყენებდა როგორც პარლამენტის წინ გამოფენილი ევროკავშირის დროშას ასევე დმანისში ნაპოვნ ჰომოერეკტუსების ძვლებს და მიაღწია კიდეც საწადელს. 1999 წლიდან 2010 წლამდე პერიოდში ქართულმა საზოგადოებამ როგორც იქნა დაიჯერა, რომ ევროპელია და ეკუთვნის ევროკავშირში შესვლა. მართალია ევროკავშირის წევრობა სააკაშვილის ეპოქაში არ ითვლებოდა უმთავრეს მიზნად, რადგან უპირატესობა ნატო-ს ალიანსს ენიჭებოდა, მაგრამ ზოგადი მონახაზებით ქართველმა იცოდა, რომ ნატოში გაწევრიანების შემდეგ ევროპული საქართველო ევროკავშირის წევრიც უნდა გამხდარიყო.
რომ არ გაწვალოთ, გეტყვით _ ამ ფრაზის ავტორი „თავისუფლების ინსტიტუტის ლიდერი“ და ხელისუფლების ერთ ერთი იდეოლოგი ლევან რამიშვილია. ამგვარად გააკომენტა მან ხელისუფლების იდეოლოგიურ მედიაფლაგმან „ტაბულა“-ში დაბეჭდილი ანტიევროპული ხასიათის სტატია, რომელშიც ევრპა დადანაშაულებულია სოციალ-დემოკრატობაში, ხოლო ლიბერტარიანიზმი აყვანილია აბსოლუტში და შემდეგ ორიგინალურადაა დამყნობილი პატრიოტიზმზე. ბოლო რამდენიმე თვეა, საქართველოს ლიბერტარიანელობა(იკითხე _ ხელისუფლება) ხალხისთვის ცოტა გაუგებარ პროპაგანდას ეწევა: აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია არ ვარგა, გერმანია და საფრანგეთი არ ვარგა, ევროკავშირი არ ვარგა, მართლმადიდებლობა არ ვარგა! მოკლედ ყველაფერი ის, რაზეც საქართველოს ხელისუფლება მიგვითითებდა როგორც უმთავრეს ორიენტირებსა და იმედებზე დღეს უკვე აღარ ვარგა! სანამ ვიკითხავდეთ _ აბა რაღა ვარგა, მანამ გავაანალიზოთ რატომ აღარ მოსწონს ხელისუფლებას ევროკავშირი და მის რიგებში გაწევრიანება.
სულ ახლახანს გვინდოდა ევროპა, გვინდოდა ევროპული სტანდარტები, გვინდოდა ნატო და ევროკავშირი.დღეს კი ვიწყებთ მეგობრობას სპარსეთის ყურის ქვეყნებთან, ირანთან, თურქეთთან და ლათინური ამერიკასთან. ევროპაში ლათინურ ამერიკასა და ირანზე ცუდად ცხოვრება არ ჯერ დაუწყიათ, არც თურქეთი გამხდარა დემოკრატიისა და აღმშენებლობის შუქურა, ესეიგი მიზეზები რაციონალური არ უნდა იყოს. იქნებ და ყველაფერი ნატოთი დაიწყო?
ნატომ უარი გვითხრა. ამაზე გაბრაზებულმა ხელისუფლებამ ცხინვალში სამხედრო ავანტიურა წამოიწყო და ნატოს წევრობის საკითხი იმსიშორე მომავალში მოისროლა, სადაც ნატო, როგორც ალიანსი უკვე ისტორიაა. როგორც კი მიხვდა სააკაშვილი, რომ ნატოს რეკლამირების კამპანია უშედეგო იყო, გადაერთო კონკრეტულ მოკავშირე აშშ-ზე, მაგრამ იქაც არ გაუმართლა, ბუშმა თანამდებობა დატოვა, პრეზიდენტად კი აირჩიეს გაწონასწორებული ადამიანი, რომელსაც არ უყვარს გაუწონასწორებელ ადამიანებთან ურთიერთობა არც ოვალურ კაბინეტში და არც გაეროს სასადილოში. დადგა ევროკავშირის ჯერი და გაჩნდა იმედი, რომ საქართველო ნატოს სდანდარტების შესაბამისობისთვის გამოყოფილ მილიარდებს დახარჯავდა უფრო საჭირო _ ევროსტანდარტებთან შესაბამისობებზე. ახლა ირკვევა, რომ ამგვარი ეკონომიკური რეფორმების გატარება საქართველოს ხელისუფლების ინტერესებში არ შედის. სააკაშვილის სახელისუფლებო და ბიზნეს გუნდი წარმოადგენს ე.წ. ულტრალიბერალებს(თავის თავს უწოდებან ლიბერტარიანელებს, მინარქისტებს, ან ნეოლიბერალებს) _ ჯგუფს, რომელიც ცდილობს მემარჯვენე ეკონომიკური ფორმულებით გაამართლოს ეროვნული ქონების გაყიდვაც, სოციალური პრობლემების მოგვარებაზე უარის თქმაც და პასუხისმგებლობის თავიდან აცილებაც. სამაგიეროდ, ეს ჯუფი იტოვებს უფლებას იყოს მედიატორი და ამ მიზნისთვის გამოიყენოს იძულების აპარატი, იგივე პოლიცია. არ გაქვს პასუხისმგებლობა დაასაქმო და დააპურო ხალხი, სამაგიეროდ გაქვს ძალაუფლება, აკონტროლო საზოგადოება შენი შეხედულებისამებრ. მარტივად რომ ვთქვათ საქართველოს ხელისუფლების ლიბერტარიანული კურსი ნიშნავს მხოლოდ ერთ თავისუფლებას _ „თავისუფლებას პასუხისმგებლობისგან“.
დღევანდელი ხელისუფლებისთვის ამგვარი იდეოლოგია იდეალურია, მაგრამ მიუღებელია ევროკავშირისთვის, რომელიც ადამიანთა უფლებებსაც ისევე იცავს, როგორც თავისუფლებებს. მაგალითად, საქართველოს ლიბერტარიანული ხელისუფლება ცნობს ადამიანის თავისუფლებას იცოცხლოს, განთლდეს, იმუშაოს და გამდიდრდეს. მაგალითად, ვინმე პეტრეს დეკლარირებულად აქვს ეს ოთხივე უფლება, რეალურად კი არ მიუღია განათლება, რადგან მის მშობლებს არ ქონდათ საკმარისი ფული, მას არა აქვს სამუშო და პურის ფული, შესაბამისად ის შეიძლება ან პირდაპირ მოკვდეს შიმშილით, ან არასაკამრისი კალორიების მიღების გამო დაემართოს კიბო და იმით მოკვდეს. საქართველოს მოქალაქეს აქვს თავისუფლებები, მაგრამ არ გააჩნია ამ თავისუფლებების გამოყენების შესაძლებლობები. ერთადერთი თავისუფლება, რომელიც აუცილებლად გამოიწვევს შესაძლებლობას, არის სიკვდილი _ გაქვს სიცოცხლის თავისუფლება ისვე როგორც გაქვს სიკვდილის თავისუფლება.
სააკაშვილის ხელისუფლებისგან განსხვავებით, ევროკავშირი უფლებებსა და თავისუფლებებს განიხილავს, როგორც შესაძლებლობებს და ეხმარება ადამიანებს ამ შესაძლებლობების განხორციელებაში. მაგალითად, იგივე პეტრეს ევროკავშირიში ბავშვობიდანვე ეძლევა განათლება, თითქმის მთელ კონტინენტურ ევროკავშირში მას შეუძლია მიიღოს უმაღლესი განათლება სახელმწიფოს დაფინანსებით, შეუძლია ისწავლოს პროფესია და ამ პროფესიით იმუშაო (ქართველი ლიბერტარიანელები უმუშევრებს „უსაქმურებად“ მოიხსენიებენ). თუ გაუშვეს სამსახურიდან, მომავალი სამსახურის მოძებნამდე ის იღებს კომპენსაციას გამშვებისგანაც და ბიუჯეტიდანაც, პარალელურად სახელმწიფო დიდ ფულს ხარჯავს მისი კვალიფიკაციის ამაღლებაზე და ცდილობს რაც შეიძლება სწრაფად დააწყებინოს მას მუშაობა . თუ პეტრე ინვალიდია, მას ენიშნება საკმარისი ოდენობის პენსია, თუ მრავალშვილიანია _ უამრავი შემწეობა და შეღავათი, თუ მოხუცი ან უპატრონოა სახელმწიფო დაწესებულებაში უშვებენ და ა.შ. ამ პოლიტიკას ლიბერტარიანელები უწოდობენ სოციალ-დემოკრატიას ან სოციალიზმს და თვლიან, რომ სახელმწიფო ამგვარი მონაწილეობით ზღუდავს ქვეყნის, მისი ეკონომიკის და მისი მოქალაქეების თავისუფლებებს. პასუხისმგებლობებისგან თავისუფალი ლიბერტარიანელები ებრძვიან პასუხისმგებლობაზე ორიენტირებულ ევროკავშირს. საქართველოს ულტრალიბერალი ხელისუფლება და მისი იდეოლოგები საკუთარ უპირატესობას და საქართველოსთვის უკეთესობას შემდეგი ლოგიკით ხსნიან _ „თავისუფალი ბაზარი და დაბალი გადასახადები ნიშვანს ეკონომიკურ ზრდას. მაღალი გადასახადები და რეგულირებული ეკონომიკა სტაგნაციას“ -ამას აცხადებს სააკაშვილის მთავარი ეკონომიკური რეფორმატორი _ კახა ბენდუქიძე და ასკვნის რომ მემარცხენე ეკონომიკური პოლიტიკა საქართველოს როგორც სახელმწიფოს გააქრობს. რათქმაუნდა, ბენდუქიძის გამონათქვამში ყველაზე მომხიბლელი სიტყვა „დაბალი გადასახადია“. მაგრამ სად არის საქართველოში ამ დაბალი გადასახადით გამოწვეული ეკონომიკური ზრდა? რასაკვირველია, ოჯახის უფროსს თუ არ შეუძლია ოჯახის მუშაობით რჩენა, ის იწყებს საოჯახო ნივთების გაყიდვას და მერე ტრაბახს დანარჩენი წევრების წინ _ აგერ, ოჯახში ფული შემოვიტანეო, მიუხედავად იმისა, რომ ამგვარმა ფულმა დოვლათი კი არ შექმნა, უფრო გააღარიბა ქვეყანა.
გადასახადების მთავარი დანიშნულებაა ამ ფულის ჩადება ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებასა და ქვეყნის ინტერესების უკეთ გატარებაში. ნაკლებია გადასახადი, ნაკლებია განვითარება. სოციალ-დემოკრატიული ევროკავშირი მდიდრებისგან იღებს დიდ გადასახადებს, ხოლო ღარიბებისგან მცირეს, ამ ამოღებულ გადასახადებს კი იმაში ხარჯავს, რომ ღარიბები არ დაიხოცნონ, დასაქმდნენ, მათი ნაწილი მაინც გამდიდრდეს და დაიწყოს დიდი გადასახადების გადახდა, რაც უფო ნაკლები იქნება ღარიბი და გაჭირვებული, მით ნაკლებს დახარჯავს ევროკავშირი მათ რჩენაზე, რაც მეტი მდიდარი იქნება, მით მეტი გადასახადი დაიხარჯება განვითარებაზე.
დღეს ევროკავშირი აკრიტიკებს საქართველოს ულტრალიბერალურ ეკონომიკას, ქართველ ლიბერტარიანელებს კი რათქმაუნდა არ სურთ იმ ვალდებულებების და პასუხისმგებლობების აღება რომლებიც მათი _ ბანკირების, ვაჭარი მონოპოლისტების, მსხვილი კორპორაციების და საერთოდ, მოსახლეობის უმდიდრესი 1%-ის ინტერესებს დააზარალებს. ქართველი ლიბერტარიანელები იმიტომაც ლიბერტარიანელობენ, რომ სწორედ ამ მოდელით ზრდიან თავის ქონებას და ინარჩუნებენ ხელისუფლებას. მათ ურჩევნიათ ფული იხადონ ხელისუფლების შავ სალაროში, ვიდრე იხადონ დიდი გადასახადები, ურჩევნიათ ნებისმიერ დროს პანღურით და უკომენტაროდ ამოარტყან პასუხი ნებისმიერ თანამშრომელს, ვიდრე გადავიდნენ ევროსტანდარტებზე და ანგარიში გაუწიონ სოციალურად ორიენტირებულ შრომის კოდექსაა და რეალურ პროფკავშირებს, ურჩევნიათ გააგრძელონ ტოტალური პრივატიზაცია, ვიდრე დააფინანსონ სოფლის მეურნეობის ან განათლების წახალისება...
მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, საქართველოს ხელისუფლება არ არის დაინტერესებული ევროკავშირში შესვლით, ისევე, როგორც არ არის დაინტერესებული ქართული საზოგადოებისთვის იმ სოციალ-ეკონომიკური პირობების შექმნით, რომლებიც ევროკავშირშია უზრუნველყოფილი. საქართველო ევროკავშირის წევრი არ გახდება არც გაისად, არც 2013 წელს და არც არასდროს, სანამ ხელისუფლებაში დარჩება სააკაშვილის ულტრალიბერალური კლანი. ნატოსგან განსხვავებით ჩვენ ევროკავშირში არ შევალთ იმიტომ, რომ არსებულ მმართველ გუნდს არ უნდა, უფრო სწორად არ აწყობს ევროკავშირში შესვლა. ქართველი ლიბერტარიანელები მართლები არიან, როცა ამბობენ რომ, ევროკავშირი სოციალ-დემოკრატია ან „ინსტიტუციონალიზირებული განვითარებული სოციალიზმია“.
მართლაც ასეა, იმიტომ რომ ევროკავშირი ორიენტირებულია ყველაზე და არა მარტო სააკაშვილზე ან ბენდუქიძეზე, იმიტომ რომ ევროკავშირში ხალხი(მდიდარიც და ღარიბიც) უპირველესი ღირებულებაა, იმიტომ რომ ევროკავშირში თანასწორობა და სოლიდარობა იმავე წონის ღირებულებებია რაც თავისუფლება და ა.შ. სხვათაშორის, როცა ბენდუქიძე საუბრობს რეგულირებადი ეკონომიკის სტაგნაციურობაზე, ეტყობა განგებ ხუჭავს თვალს ერთ ფაქტზე _ 2008 წლის მსოფლო ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია სწორედ ბაზრების და ეკონომიკების არარეგულირებამ და თუ დღეს მსოფლიო ცდილობს ამ კრიზისიდან თავის დაღწევას, მხოლოდ სახელმწიფო რელურირების ფორმების მოძიერბითა და ამუშავებით. სინამდვილეში ლიბერტარიანელობამ კრახი განიცადა 2008 წელს, მისი პოლიტიკა არარ მუშობს, უფრო მეტიც, საფრთხეს უქმნის მსოფლიო ეკონომიკას. ლიბერტარიანიზმი მარგინალობაა, საქართველოში კი ის ტიტანიკის ფუნქციას იძენს, მისი ბილეთების მქოენი კი ქართველი ლიბერტატიანელები არიან. საქართველოში ულტრალიბერალური კურსი არსებობს მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არის მმართველი კლანის მხრიდან ხელისუფლების შენარჩუნების საშუალება, უბრალო ტერმინი, რომელიც მორგებულია კონკრეტულ ჯგუფზე და რომელიც გაქრება მაშინვე, როგორც კი ხელისუფლებას ჩამოშორდება ეს ჯგუფი. სოციალ-დემოკრატიულ ევროკავშირში შესვლაზეც მაშინ დაიწყება საუბარი, როცა „უპასუხუხიმგებლო თავისუფლებას“ „პასუხისმგებლური ვალდებულება“ ჩაენაცვლება.



Free Hit Counter
Free Web Counters